cms image 000019144

ეს საინტერესო და შთამბეჭდავი ინტერვიუ ლაშამ გაზეთ "ბათუმელებს" 7 წლის წინ მისცა. 

ჩვენ კვლავ გთავაზობთ, ერთ-ერთი იშვიათი პროფესიის - დელფინების მწვრთნელის მიერ გაზიარებულ ემოციებს.  

 

გაზეთი "ბათუმელები"

რუბრიკა "კვირის ამბები"

11.11.2013

"ოთხი წელია 23 წლის ლაშა ხარატი დელფინარიუმში მწვრთნელად მუშაობს. იმის  წარმოდგენაც კი არ უნდა, რომ სხვა სამსახურში გადავა და დელფინებს ვეღარ ნახავს: „მინდა, სამუდამოდ დავრჩე დელფინების გვერდით, ფიქრიც კი არ მინდა იმაზე, რომ მათთან ურთიერთობის საშუალება აღარ მომეცემა. ყველა მწვრთნელი იმაზე მეტ დროს ვატარებთ დელფინარიუმში, ვიდრე ჩვენი სამუშაო განრიგი მოითხოვს. “ –  ამბობს ლაშა.

ოთხი წელია ლაშა დილით, გაღვიძებისთანავე დელფინარიუმში მიდის. ლაშას ორი დელფინი აბარია: მაია და ზორო. სანამ მაიას და ზოროს სძინავთ, ლაშა მათ საუზმეს უმზადებს: „დილით ვამოწმებთ დელფინებს, როგორ არიან, სამედიცინო შემოწმებას ვუტარებთ, ზღვაში საკუთარ თავს მიხედავდნენ, ჩვენთან კი ზრუნვა სჭირდებათ. დილით ველოდებით, სანამ სრულად გამოფხიზლდებიან. თორმეტი საათი სძინავთ.  ჩვენგან განსხვავებით ტვინის ორივე სფეროს არ ასვენებენ ძილის დროს, ჯერ ტვინის ერთ ნაწილს სძინავს, მერე მეორეს, ძილში შეუძლიათ ცურვა.“ –  გვიყვება ლაშა ხარატი.

ლაშა პროფესიით მეზღვაურია. ამბობს, რომ ოჯახის წევრები არჩევანს არ უწონებდნენ, თავად კი ეს პროფესია მოგზაურობის სიყვარულმა აარჩევინა: „დედაჩემმა ნახა ვაკანსია დელფინარიუმში, მთხოვა, რომ მეცადა, გემზე მაინც ვერ მივდიოდი. ცხოველები ყოველთვის მიყვარდა, სახლში მყავს ძაღლი, დეიზი, რომელიც ძალიან მიყვარს. დედის რჩევა გავითვალისწინე და მივედი,  ბატონ თენგიზ წეროძეს ვუთხარი, რომ მინდოდა სამსახურის დაწყება. დამეხმარა, მას დიდი გამოცდილება ჰქონდა ამ სფეროში, ყველაფერი მასწავლა. დღემდე ვსწავლობ ბევრ რამეს მისგან.“ ლაშა ამბობს, რომ მანამდე დელფინი ნანახიც არ ჰყავდა, დელფინების ბათუმში ჩამოსვლამდე ლაშას თეორიულად ასწავლიდნენ, თუ როგორ უნდა მოქცეულიყო მათთან:

„დელფინთან ჩემი პირველი შეხვედრა იყო დაუვიწყარი. თორმეტივე დელფინი გვყავდა ერთ აუზში, ნაწილი მეორე აუზში უნდა გადაგვეყვანა, ამისთვის საჭირო იყო დაგვეჭირა დელფინი, ახლოდან მათი ნახვისას ცოტა შემეშინდა, უფრო პატარები მეგონა რეალურად. ვერ ვხვდებოდი, როგორ უნდა დამეჭირა ამხელა არსება, დავიბენი, არც ერთი დელფინი არ იყო გაწვრთნილი. ნდობის მოპოვება რთულია, სრულად რომ გენდოს დელფინი, ამისთვის ძალიან დიდი დროა საჭირო. პირველად როცა მოვეხვიე დელფინს და მისი შეშინებული გულისცემა მესმოდა, იყო საოცარი გრძნობა.“

ლაშა ამბობს, რომ დელფინთან ურთიერთობის ასაწყობად ტაქტიკა უნდა შეიმუშავო, მასთან ურთიერთობისას ყველა პრობლემა გვერდით უნდა გადადო, რადგან თუ მწვრთნელი ცუდ ხასიათზეა, დელფინსაც უფუჭდება განწყობა: „უნდა იყო ლაღი და ენერგიული, სულ უნდა ეფერებოდე და უღიმოდე მათ. მარტო ყოფნა არ უყვართ, უნდათ, რომ მწვრთნელი სულ მათთან იყოს, არ გშორდებიან, სულ მოფერება და თამაში უნდათ. ყველა დელფინს სხვადასხვანაირი ხასიათი აქვს, ნინი ყველაზე პატარაა, ბათუმში დაიბადა. ძალიან ცელქი და განებივრებულია. ზორო სერიოზულია, მაია ეშმაკია, ცდილობს, რომ რაღაცით მოგატყუოს და თევზი ისე დაიმსახუროს. თევზი მათი ანაზღაურებაა, ჯილდო, რომელსაც კარგად შესრულებული საქმისთვის იმსახურებენ. დელფინის დასჯა არ შეიძლება, მხოლოდ მწვრთნელმა შეიძლება ტაიმაუტი გამოუცხადოს და დატოვოს მარტო, ამით ის ხვდება, რომ აწყენინა მწვრთნელს, მარტო დარჩენა არ უყვართ, ამიტომ მალევე დგებიან ფორმაში.“

ლაშა ამბობს, რომ დელფინები ადამიანებს ჰგვანან და ბევრი რამ ასწავლეს: „მასწავლეს, რომ რაც შეიძლება მეტად უნდა იყო თბილი და მოსიყვარულე. დელფინები ოჯახებად ცხოვრობენ, უნდა გიყვარდეს შენი ოჯახი ისე, როგორც დელფინებს უყვართ. მონიკასა და ნინის დედაშვილური ურთიერთობა რომ ავიღოთ, და ჩემი და დედაჩემის, სახლში რომ მივიდე და დედას ჩემი ჩახუტება მოუნდეს, შეიძლება მე მეუხერხულოს, დიდი ვარ, აღარ ვიკადრო, ნინიც დიდია უკვე, თუმცა დედის მოფერებას ყოველთვის პასუხობს, სულ ერთად არიან. როცა მონიკა აკეთებს ნომერს, ნინის მაინც აკვირდება, ყურადღებითაა.“  – ამბობს ლაშა.

ლაშას მოგზაურობა და ფეხბურთი უყვარს, ბარსელონას ნახვაზე ოცნებობს: „მიყვარს აქტიური ცხოვრება, მეგობრებთან ერთად გართობა, კლუბში სიარული, ცეკვაც გამომდის. ყველაზე მეტად მოგზაურობა მიყვარს, ვგეგმავ ევროპაში მოგზაურობას, ბოლოს ერიკ კლაპტონის კონცერტზე ვიყავი რიგაში. მუსიკა ბევრს ნიშნავს ჩემთვის, მინდა ყველა ჩემს საყვარელ შემსრულებელს ლაივში მოვუსმინო, ახლა ველოდები ქოლდფლეის კონცერტს, ჯერ არაფერი აქვთ დაგეგმილი.“

მწვრთნელი გოგონებში პოპულარობით სარგებლობს. როგორც თავად ამბობს გოგონების აქტიურობა მაინცადამაინც არ მოსწონს: „არ მომწონს, როცა ღიად ცდილობენ შენი ყურადღების მიქცევას, მცირე დეტალების დაჭერა უფრო ვიცი, არა აქვს მნიშვნელობა წაბლისფერი თმა ექნება, თუ შავი გოგონას, თავი უნდა მომაწონოს შინაგანი ღირებულებებით. ბათუმში ალბათ არის ბევრი კარგი გოგო, მე როცა სამსახურიდან გავდივარ, თერთმეტ საათზე აღარავინაა გარეთ, ჩვენთან კლუბური ცხოვრებით არ ცხოვრობენ.“

0
0
0
s2sdefault