Project Render 1011111

ბათუმის დელფინარიუმში კვლავ მატებააჩვენს ბინადარს, დელფინს მეტსახელად ცუცა, მეორე შვილი შეეძინა.

დელფინარიუმის ისტორიაში ეს უკვე მეთერთმეტე ახალშობილია.

დედა-შვილი თავს შესანიშნავად გრძნობენ. ახალშობილი აქტიურად დაცურავს აუზში დედასთან ახლოს. ცნობისთვის, უფროსი ვაჟი გურუ, ცუცამ 3 წლის წინ იმშობიარა. „პატარას სულმოუთმენლად ველოდით. იგი 5 ოქტომბერს დაიბადა, მანამდე დედა 24 საათიანი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა.“ - აცხადებენ დელფინარიუმის მწვრთნელები. მათივე თქმით „ამჟამად დედა შვილს სწორ სუნთქვასა და სინქრონულ ცურვას, ასევე კოორდინირებულ მოძრაობას ასწავლის.“

დელფინარიუმის ძუძუმწოვართა ცენტრის უფროსი, ბიოლოგიის დოქტორი ტარიელ (თენგო) წეროძე ვარაუდობს, რომ ახალშობილი დელფინი ბიჭია: „ახალბედას წონაში მატება უკვე ეტყობა. იგი ამ ეტაპზე დედის რძით იკვებება და ეს პროცესი 3 წელზე მეტ ხანს გაგრძელდება. 6-დან 8 თვის ასაკის შუალედში, რძესთან ერთად პატარა, თევზით კვებასაც დაიწყებს.“ (სრულად კომენტარი იხილეთ ვიდეოში)

 

 

ბუნებრივ პირობებთან მიახლოვებულ საარსებო გარემოში დელფინის დაბადება იშვიათობაა. თუმცა, ბათუმის დელფინარიუმში დადებითი დინამიკა გრძელდება. რაც უტყუარი დადასტურებაა იმისა, რომ დელფინარიუმის ბინადრები, მოვლისა და შენახვის თვალსაზრისით იდეალურ გარემოში იმყოფებიან, ყველა პრევენციული ზომების გათვალისწინებით, კვალიფიციური სპეციალისტების უწყვეტი მეთვალყურეობის ქვეშ.

თითქმის თვეზე მეტია, რაც ვიზიტორთათვის დაკეტილები ვართ, თუმცა დელფინარიუმის თანამშრომლები, პანდემიით თუ შიდა რეგულაციის შესაბამისი უსაფრთხოების ნორმების დაცვით, სპეც-რეჟიმში მუშაობას აგრძელებენ.

ბათუმის დელფინარიუმის ბინადრები განეკუთვნებიან დელფინთა სახეობა აფალინებს (Tursiops truncatus). დელფინისებრთა ოჯახის ეს ზღვის ძუძუმწოვარი ცხოველი შეტანილია ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის „წითელ ნუსხაში“ (IUCN).

0
0
0
s2sdefault