პასუხები გავრცელებულ დეზინფორმაციებს

ვეხმაურებით სოციალურ ქსელებში ბოლო პერიოდში გავრცელებულ, ყოველგვარ სიმართლეს მოკლებულ, ცილისმწამებლურ ილუზიებსა და შეურაცხმყოფელ დეზინფორმაციას.

გასაგებია, რომ ნეგატივით გაჟღენთილი და დრამატიზებული შინაარსი ყველაზე სწრაფად ვრცელდება, თუმცა ამჯერად, სიცრუის ასეთმა ნაკადმა, მოლოდინს გადააჭარბა. ამიტომაც, ყველა პუნქტს, რითიც შესაძლოა საზოგადოებას მცდარი წარმოდგენა შეექმნას ჩვენზე, სათითაოდ ვუპასუხებთ:

  • “დელფინს არ შეუძლია იცოცხლოს მოძრაობის გარეშე. ბუნებრივ არეალში დელფინი საშუალოდ 100 კილომეტრს ფარავს დღეში, აუზში ამდენს ვერ გაცურავს.”

ფაქტია, რომ აუზი ვერ იქნება ზღვებისა და ოკეანეების მასშტაბების, თუმცა ისევე როგორც ადამიანებისთვისაა აუცილებელი ფიზიკური აქტივობა, ნოოგენურ გარემოში ბინადრების კეთილდღეობა ბალანსირდება იმ სადემონსტრაციო – შემეცნებითი სანახაობით, ე.წ. „შოუთი“ (რაც გულისხმობს ნახტომებს, სწრაფ ცურვას, ცეკვას და ა.შ.).

  • “ბუნებრივ არეალში დელფინები ცოცხლობენ 25-დან 50 წლამდე. დელფინარიუმში დელფინების უმეტესობა კვდება დაბადებიდან პირველ ორ წელიწადში. მათი სიცოცხლის საშუალო მაჩვენებელია – 5 წელი.”

ჩვენს შოუშიც კი იხილავთ ნინის, რომელიც ამჟამად 13 წლისაა და იგი ბათუმის დელფინარიუმში დაბადებულ არაერთ დელფინთა შორის პირველია. აქვე ცნობისთვის, საყოველთაოდ ცნობილია ფაქტი, რომ დელფინარიუმებში დელფინების სიცოცხლე უფრო ხანგრძლივია, მსოფლიოშია ცნობილი ფაქტი, რომ შენახვის ხელოვნურ პირობებში დელფინმა ლულუმ 70 წელი იცოცხლა…

  • “დელფინები ცხოვრობენ ოჯახებად. დაჭერის დროს ზოგიერთი დელფინი კვდება ფსიქოლოგიური შოკის მიღების გამო. ისინი კი, ვინც გადაურჩება სიკვდილს, მთელი ცხოვრება იტანჯებიან ოჯახთან დაშორების გამო.”

არანაირ კავშირში არაა ბათუმის დელფინარიუმთან, დიახ, დელფინები ჩვენთანაც ცხოვრობენ ოჯახებად. უფრო მეტიც, თუკი საარსებო გარემო მათ არ მოსწონთ, არც ბუნებაში და არც ხელოვნურ გარემოში ისინი ფიზიკურად არ მრავლდებიან. ჩვენთან კი გამრავლების დადებითი სტატისტიკა გრძელდება. აქვე ერთი საინტერესო ფაქტი: მეძუძურ დედას ხშირად „ეხმარებიან“ ოჯახის სხვა წევრები, ზოგი ძიძის ფუნქციას ასრულებს, ზოგიც კიდევ მეურვის…

  • “დელფინები მოძრაობენ ექოლოკაციის დახმარებით. აუზში მათი სონარის რევერბერაცია ირეკლება კედლებიდან და ზოგიერთი დელფინი იღებს უდიდეს შოკს.”

დელფინების ექოლოკაციური სისტემა საკმაოდ მობილურია და გარემოსთან ადაპტაცია ადვილად ხდება.

  • “ხშირია ტყვეობაში მყოფი დელფინების თვითმკვლელობა. ისინი შეგნებულად აკეთებენ ყოველ ჩასუნთქვას. როცა უკვე მათთვის გაუსაძლისია სიცოცხლე, ისინი უბრალოდ აჩერებენ სუნთქვას.”

ზოგადად, ზღვის ძუძუმწოვართა სუნთქვითი სისტემა სპეციფიკურია, რადიკალურად განსხვავებული ადამიანებისგან, სხვა ცხოველებისგან და დრამატიზებული მითი, რომ დელფინი თითქოს თავს იკლავს დახრჩობით, თეორიულადაც დაუშვებელია, მეცნიერულ დონეზე მტკიცებულებას რომ თავი დავანებოთ… ძუძუმწოვართა სუნთქვის ფიზიოლოგიური განსხვავებულობების ახსნა უფრო სიღრმისეულად და მისი სოციალური ქსელის მეშვეობით დეტალური შემეცნება შეუძლებელია, უადგილოა, ამისთვის არსებობს უმაღლესი პროფესიული განათლება… 

  • “დელფინარიუმებში დელფინებს უკეთებენ ტრანკვილიზატორებს ანტიდეპრესანტების სახით, რათა დელფინმა არ გამოავლინოს აგრესია სტრესის გამო.”

ბათუმის დელფინარიუმში მუდმივად მიმდინარეობს ბინადართა ჯანმრთელობის სტატუსის მონიტორინგი. საჭროების შემთხვევაში ბინადრებს უტარდებათ მედიკამენტოზური და სხვა სახის სამედიცინო დახმარება. რაც შეეხება ტრანკვილიზატორებს, ძუძუმწოვართა ფიზიოლოგიიდან გამომდინარე, მათი გამოყენება დაუშვებელია. შესაბამისად არ გამოიყენება.

  • “აუზებში სისუფთავეს იცავენ ქლორის, სპილენძის სულფატის და სხვა ქიმიკატების საშუალებით, ამის გამო დელფინების უმეტესობა მოძრაობის დროს ხუჭავს თვალებს, რადგან არ მიიღონ ქიმიური დამწვრობები.”

სპილენძის სულფატი და ქლორის ჭარბი, უკონტროლო რაოდენობა გამოიყენებოდა ოდესღაც, რუდიმენტულ დელფინარიუმებში. რაც შეეხება ბათუმის დელფინარიუმს, მას გააჩნია წყალმომარაგების ულტრათანამედროვე სისტემა – გამოიყენება წყლის გაუსნებოვნების ყველაზე თანამედროვე და სრულყოფილი მეთოდი – ოზონირება, რაც საშუალებას გვაძლევს, რომ ქლორის კონცენტრაცია იყოს მინიმალური და სხვათა შორის, ქლორი დელფინარიუმის წყალში გაცილებით ნაკლებია, ვიდრე საყოფაცხოვრებო ონკანის წყალში, რომელსაც ჩვენ ვსვამთ.

  • “შიმშილი და მათი მარტოდ ყოფნა არის მათი გაწვრთნის მეთოდი.”

მარტოდ ისინი არასოდეს არიან, იმყოფებიან 24 საათიანი მეთვალყურეობის ქვეშ. დელფინები იკვებებიან სპეციალური რაციონის თანახმად, რომელიც თითოეული ბინადრისთვის ინდივიდუალურადაა გაწერილი: სქესის, ასაკის, წონის, ორსულობისა თუ მეძუძურობის, ასევე, წელიწადის დროის მიხედვითაც კი. რაციონი შედგება რამდენიმე სახეობის თევზისგან, სპეციალური მინერალებითა და ვიტამინების დანამატებით. სხვათაშორის საკვები, რომელსაც დელფინები მიირთმევენ, გადის სრულ ბაქტეოროლოგიურ და ორგანოლეპტიკურ შემოწმებას, ასევე, თითოეული ერთეული ვიზირებულია მწვრთნელებისა და ვეტერინარის მიერ. განსაზღვრული დღიური ნორმა დელფინს მიეწოდება ნებისმიერ შემთხვევაში, განურჩევლად იმისა, რამდენად აქტიურია იგი დღის კონკრეტულ მონაკვეთში. ამის მომსწრე შესაძლოა თითოეული თქვენგანი გახდეთ, ყოფილა შემთხვევა, როცა შოუს მსვლელობისას დელფინებს ჰქონიათ სექსუალური აქტივობები, შესაბამისი პრელუდიებით და სულაც არ, ან ნაწილობრივ მიუღიათ მონაწილეობა შოუში… ცნობისთვის თითოეული მათგანი არის ინდივიდი – პერსონა, საკუთარი ხასიათებით, თუნდაც სიზარმაცით, ან მოჭარბებული სითამამით, სიეშმაკით, არც იუმორია მათთვის უცხო… მიუხედავად ყოველივე ზემოდთქმულისა, შესაბამისი სქემით გათვლილი დღიური ნორმა მათ ნებისმიერ შემთხვევაში მიეწოდებათ, თუნდაც დღის ბოლოს… სიტყვა „წვრთნა“ კლასიკური გაგებით, უადგილოა დელფინებთან მიმართებაში, ეს არის ურთიერთნდობაზე აგებული მთელი ფილოსოფია: თამაში, კომუნიკაცია, თანამრომლობა, კოლეგიალობა, გუნდურობა, სადაც დომინანტი და მთავარი არის მხოლოდ და მხოლოდ – დელფინი. რასაც თქვენ ეძახით „წვრთნას“, ჩვენ, თამაშის მეთოდით ურთიერთკავშირზე აგებულ სწავლების პროცესს ვუწოდებთ. არის შემთხვევები, როცა პირიქით, ისინი სთავაზობენ და ასწავლიან მწვრთნელებს სიახლეებს. სკეპტიკოსთა საყურადღებოდ, სწავლების პროცესი გულისხმობს წახალისებას თამაშის, მოფერებისა და საკვების ფორმით…

  • “დელფინებს არ შეუძლიათ გამოიყურებოდნენ ტანჯულად, მიუხედავად მათი ამდენი წამებისა, რასაც ისინი განიცდიან ტყვეობაში. ნუ შეიყვანთ თქვენს თავს ილუზიაში მათი ,,ბედნიერი” მომღიმარი სახის შემხედვარე.”

კვალიფიციურ სპეციალისტს, რომელიც მუშაობს დელფინებთან, არა მხოლოდ სხეულის ენით, არამედ თვალების გამომეტყველებითაც შეუძლია შეაფასოს მათი განწყობა. აქ არავინ არავის არაფერს აძალებს! რამდენიმე დღის წინ, ჩვენმა ერთერთმა ვიზიტორმაც კი გაგვიზიარა სოც-ქსელში პოსტი, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ (იხილეთ სკრინიც):

ციტატა

„ყველაზე თბილი და მეგობრული მიდგომა დელფინებისადმი იყო ის, რაც ყველაზე მეტად დაგვამახსოვრდა და რამაც უდიდესი კმაყოფილების გრძნობა გამოიწვია. მწვრთნელები საოცარი გაგებითა და მოთმინებით ექცეოდნენ ყოველ მათგანს. თუ რომელიმე დელფინი რაიმეს ვერ გააკეთებდა, არ აძალებდნენ და აძლევდნენ შესვენების საშუალებას. ასეთი დამოკიდებულებით დელფინებიც ბედნიერად გრძნობდნენ თავს და ყველანი აღფრთოვანებულები ვიყავით მათ მიერ ტრენერებისადმი გამოხატული საოცარი სიყვარულითა და სითბოთი 🌸🌿 ეს არ არის შოუ, ეს არ არის ე.წ ცირკი წყალში, ეს არ არის ცხოველებისადმი ძალადობა (როგორც ბევრი ამბობს), ეს ნამდვილად არის დემონსტრირება ადამიანებისა და დელფინების მეგობრობის! დიდი მადლობა!“ – ციტატის დასასრული.

აქვე დავამატებთ ერთ სასიხარულო ინფორმაციას, პასუხი ცილისმწამებლურ დემაგოგიაზე იმიტომ დაგვაგვიანდა, რომ ბათუმის დელფინარიუმში კიდევ ერთი პატარა დაიბადა. ჩვენი მთავარი საზრუნავი და ძირითადი ყურადღება ამ ამბავზე იყო კონცენტრირებული. ვიდეოსა და ფოტოებს უახლოეს დღეებში შემოგთავაზებთ. ეს ძალზედ საამაყოა ჩვენთვის, რაც უტყუარი დადასტურებაა იმისა, რომ ბინადრები ჩვენთან, ანუ ბუნებრივ პირობებთან მიახლოვებულ საარსებო გარემოში, მოვლისა და შენახვის თვალსაზრისით იდეალურ გარემოში იმყოფებიან, ყველა პრევენციული ზომების გათვალისწინებით, კვალიფიციური სპეციალისტების უწყვეტი მეთვალყურეობის ქვეშ.