ბათუმის დელფინარიუმში, კიდევ ერთი, რიგით მეოთხე დელფინი დაიბადა. ჩვენი ოჯახის ერთ-ერთ წევრს მეტსახელად „მონიკას“ შვილი შეეძინა. დღევანდელი შოუს ვიზიტორები ჩვენი ისტორიის ერთ-ერთი ღირშესანიშნავი დღის მოწმენი გახდნენ.
პატარასა და დედის უსაფრთხოების გამო შოუს თანმიმდევრობისა და სხვადასხვა ელემენტების შეცვლა მოგვიწია.
გარემოსთან ადაპტაციას დედა პატარას პირველივე წუთებიდანვე ასწავლის. დაბადებისთანავე, ჰაერის პირველი ჩასუნთქვისათვის, დედამ შვილი წყლის ზედაპირზე ამოაცურა. მას შემდეგ კი ახალშობილი დედასთან ერთად სინქრონულად დაცურავს. რამდენიმე წუთის წინ ახალბედამ დედის რძით კვება დაიწყო. ეს პროცესი 1 წელზე მეტ ხანს გაგრძელდება.
მაქსიმალურად კომფორტული საარსებო გარემოს უზრუნველსაყოფად დელფინარიუმის თანამშრომლები ბოლო თვეებია (და ეს უახლოესი რამდენიმე კვირის მანძილზე გაგრძელდება) საგანგებო, 24 საათიან სპეც-რეჟიმში მუშაობენ.
დედა-შვილის მყუდროების დარღვევის თავიდან აცილების გამო უმნიშვნელო ცვლილებები იქნება თავად პროგრამაში და შესაბამისად შოუს ქრონომეტრაჟშიც.
ბუნებრივ პირობებთან მიახლოვებულ საარსებო გარემოში დელფინის დაბადება არც თუ ისე ხშირია. თუმცა ბათუმის დელფინარიუმში მსგავსი შემთხვევაა უკვე მეოთხე დაფიქსირდა. ეს ფაქტი კი იმის ნათელი დადასტურებაა, რომ დელფინარიუმის ბინადრები, მოვლისა და შენახვის თვალსაზრისით იდეალურ გარემოში იმყოფებიან, ყველა პრევენციული ზომების გათვალისწინებით, კვალიფიციური სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ.
დელფინი აფალინა დელფინისებრთა ოჯახის ზღვის ძუძუმწოვარი ცხოველია. შეტანილია ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის „წითელ ნუსხაში“(IUCN) და გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ კონვენციის (CITES) II დანართში.