ორმაგი მატება ბათუმის დელფინარიუმში 

ზღვის ძუძუმწოვართა ცენტრში 2 ახალშობილი როგორც სელაპების, ასევე დელფინების ოჯახში გაჩნდა.

15 აგვისტოს 13.45 წუთზე, ფეხფარფლიანთა განყოფილებაში სელაპს მეტსახელად კონი რიგით მესამე ნაშიერი შეეძინა. სქესი ჯერჯერობით უცნობია. მამა პედროა. პატარა სრულიად ჯანმრთელია. იკვებება დედის რძით. დაიბადა მუქი ყავისფერი ბეწვით. წონა სავარაუდოდ 5-7 კგ-ია, სიგრძე 65 -70 სმ. პატარა სელაპი დედის ყურადღების მისაქცევად ხმის ტონს უწევს ხოლმე, ადამიანთა მსგავსად. ჩვენთან მყოფ სამხრეთ ამერიკული ზღვის ლომების ოჯახში ეს უკვე რიგით 11-ე მატებაა. მათი საბინადრო ტერიტორია მოიცავს საცურაო და საკარანტინო აუზებს, ხელოვნურ გამოქვაბულს.

კონის შვილი, რამდენიმე საათის დაბადებული პატარა სელაპი

მეორე დღეს კი, 16 აგვისტოს, დილით 08:15 წუთზე, დელფინების ოჯახში დანამ მეორე შვილი გააჩინა (პირველი ტოჩია, რომლის ხილვაც შოუს მიმდინარეობისას შეგიძლიათ). დანამ ექოსკოპიის თანახმად დადგენილ ვადას ოდნავ გადააცილა, რაც ზოგადად, ზღვის ძუძუმწოვრებში მდედრობითი სქესის ნაყოფის ყოლის დროს ხდება ხოლმე. ჯერ-ჯერობით სქესი დაზუსტებული არ არის. დედა-შვილი თავს შესანიშნავად გრძნობენ. დაბადებისთანავე დანამ შვილი წყლის ზედაპირზე ამოაცურა, ჰაერის პირველი ჩასუნთქვისთვის. რის შემდეგაც პატარამ დედასთან ერთად მშვიდად დაიწყო სინქრონული ცურვა. ახალშობილის წონა სავარაუდოდ 12-14 კგ-ა, სიგრძე დაახლოებით 110 სმ. არის ღია რუხი შეფერილობის. დაბადებიდან დაახლოებით 10 წუთის შემდეგ დედამ შვილი რძით გამოკვება. ცნობისთვის, ეს პროცესი 3 წელზე მეტ ხანს გაგრძელდება, ხოლო 6-დან 8 თვის ასაკის შუალედში, რძესთან ერთად პატარა, თევზსაც მიირთმევს. ახალშობილის სქესი, ჯერჯერობით, უცნობია.

მაქსიმალურად კომფორტული საარსებო გარემოს უზრუნველსაყოფად, დედისა და ახალშობილის, უსაფრთხოების ნორმების გამო, შეჩერდა ინტერაქტივის (დელფინებთან ცურვის) სერვისი.

დანა ახალდაბადებულ შვილთან ერთად

ბოლო თვეებია, დელფინარიუმის თანამშრომლები, საგანგებო რეჟიმით მუშაობენ, მიუხედავად იმისა, რომ ბინადართა 24 საათიანი მონიტორინგი მუდმივად მიმდინარეობს.

მართალია, ზღვის ძუძუმწოვართა ცენტრში, ეს ნამატის პირველი შემთხვევა არაა, მაგრამ ნებისმიერ მატებას სიხარულის ისეთი შეგრძნება თან სდევს, თითქოს ეს პირველია.

ბუნებრივ პირობებთან მიახლოვებულ საარსებო გარემოში სელაპის ან/და დელფინის დაბადება არც თუ ისე ხშირია. თუმცა ბათუმის დელფინარიუმში მსგავსი შემთხვევა უკვე ტრადიციად იქცა. ეს წარმატება, თვალნათლივ ადასტურერებს, რომ ბინადრები ჩვენთან, მოვლისა და შენახვის, ურთიერთობისა და ზრუნვის თვალსაზრისით მათთვის იდეალურ გარემოში იმყოფებიან, ყველა პრევენციული ზომის გათვალისწინებით, კვალიფიციური სპეციალისტების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ.

თავისთავად, დელფინარიუმის მესვეურნი ყურადღებასა და ალერსს არ აკლებენ ჩვენი მეგობრების ოჯახთა ახალ ბინადრებს.

პატარა სელაპი და დელფინი დედებთან ერთად

სელაპი (Pinnipedia)
სამხრეთ ამერიკული ზღვის ლომები ფართოდ არიან გავრცელებული, პერუს ჩრდილოეთიდან სამხრეთ ბრაზილიამდე, ფოლკლენდის კუნძულების ჩათვლით. ბინადრობენ ატლანტიკის და წყნარი ოკეანის სანაპიროებზე. ცხოვრობენ ნაპირთან ახლოს, იშვიათად გვხდებიან ღრმა წყლებში. იკვებებიან თევზებით და ზღვის სხვა ორგანიზმებით, საკვების რაოდენობა შეესაბამება სხეულის წონის 5-8%-ს დღეში (6.8-18.2კგ). დაწყვილების დრო აგვისტოდან დეკემბრამდე პერიოდს მოიცავს. ერთი მამრი 18-მდე მდედრთან წყვილდება, ფეხმძიმობა 11-11,5 თვეს გრძელდება. სამხრეთ ამერიკის ზღვის ლომებს ახასიათებთ მკვეთრად გამოხატული სქესობრივი დიმორფიზმი. როგორც წესი წონით მამრი ორჯერ აღემატება მდედრს. ბეწვის შეფერილობა მოყავისფრო_ოქროსფერია. ზრდასრულ მამრს გააჩნია ფაფარი, რომელიც შედარებით ღია ფერისაა ვიდრე ბეწვი. სამხრეთ ამერიკული ზღვის ლომების ზომები ძლიერ ვარირებს. მამრის ზომა 2.73 მ-ზე მეტია, ხოლო წონა 350 კგ აღწევს. მდედრის ზომა 1.8-2 მ-ა, წონა კი მამრების წონის ნახევარია, დაახლოებით 150კგ. შეტანილია ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის „წითელ ნუსხაში“ (IUCN), მინიჭებული აქვს LR (დაბალი რისკი) კატეგორია.
სამეცნიერო კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
კლასი: ძუძუმწოვრები
რიგი: მტაცებლები
ოჯახი: ყურებიანი სელაპები
გვარი: ფარფლფეხიანები
სახეობა: სამხ. ამერიკული ზღვის ლომი (Otaria flavescens)

დელფინი აფალინა – Tursiops truncatus
დელფინისებრთა ოჯახის ძუძუმწოვარი ცხოველი. სიგრძე 2,5-3,9 მ-მდეა, მასა 280 კგ-მდე. გავრცელებულია ფართოდ (არქტიკულ და ანტარქტიკულ წყლების გარდა). გვხვდება შავ ზღვაში, ძირითადად ყირიმის და საქართველოს სანაპიროებთან (დაცულია 1965 წლიდან). აფალინას ორსულობა გრძელდება 12 თვე. შობს ერთ ნაშიერს. თვინიერია, რის გამოც მრავალი ქვეყნის ოკეანარიუმებში იხილავთ. ქვესახეობებიდან შავი ზღვის საქართველოს სანაპირო ზონაში გვხვდება შავი ზღვის აფალინა (Tursiops truncates ponticus). შეტანილია ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის „წითელ ნუსხაში“ (IUCN) და გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ კონვენციის (CITES) II დანართში.
სამეცნიერო კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
კლასი: ძუძუმწოვრები
რიგი: ვეშაპისნაირნი
ოჯახი: დელფინისებრნი
სახეობა: აფალინა