ისტორია

ბათუმის დელფინარიუმი 20 წლიანი პაუზის შემდეგ 2011 წლის სიმბოლურად 6 მაისს გაიხსნა. პირველი დელფინარიუმი კი ზღვისპირა ქალაქში 1975 წელს ამოქმედდა. მაშინ იგი იყო პირველი სადემონსტრაციო დელფინარიუმი ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე და მსოფლიოს უდიდეს დელფინარიუმებს განეკუთვნებოდა. დელფინარიუმის არსებობა, სხვა ღირსშესანიშნაობებთან ერთად, ქალაქს და მთლიანად რეგიონს ტურისტებისთვის უფრო მიმზიდველს ხდიდა. დელფინების წარმოდგენას, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების გარდა, ბათუმში ამისათვის სპეციალურად ჩამოსული მსურველებიც ესწრებოდნენ. სწორედ ამ ობიექტის უსაზღვრო პოპულარობამ განაპირობა დელფინის ქალაქის სიმბოლოდ დამკვიდრება. 90-იანი წლების დასაწყისში ქვეყანაში შექმნილი რთული პოლიტიკურ-ეკონომიკური ვითარების გამო ობიექტმა ფუნქიონირება შეაჩერა.

20 წლიანი პაუზის შემდეგ ქალაქის მერიის ინიციატივითა და საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ ძალისხმევით ბათუმში ამოქმედდა სრულიად ახალი დელფინარიუმი. იგი შპს „შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის შემსწავლელი სამეცნიერო – კვლევითი ცენტრის“ ერთ–ერთი შემადგენელი ნაწილია. პროექტირება და მონტაჟი ეკუთვნის ცნობილ ამერიკულ ფირმებს: TJP Engineering–სა და RCK–ს. ობიექტი საქველმოქმედო ფონდ „ქართუსთან“ ერთად ასოციაცია „ატუ“–მ აღჭურვა. იგი თანამედროვე დიზაინის შენობაა, რომელიც ზღვის ცხოველების ხელოვნურ პირობებში შენახვის ყველა უახლეს მოთხოვნას ითვალისწინებს. ობიექტი შედგება ფეხფარფლიანთა და მცირე ვეშაპისნაირთა საცხოვრებელი ავზებისაგან (წყლის მთლიანი მოცულობა 3 724 000 ლ), კერძოდ, ორი სადემონსტრაციო (1 700 000 ლ და 400 000 ლ) და ორი დამხმარე (თითო 812 000 ლ), ასევე კარანტინის ავზები. სიცოცხლის უზრუნველყოფის სისტემით (Live Support System) წყლის ეს მოცულობა ყოველ 2 საათში მთლიანი რეცირკულაციის შედეგად მექანიკურად იფილტრება, მისი გაუსნებოვნება ხდება ოზონირებით და ბრუნდება ავზებში. ამასთან მუდმივად კონტროლდება წყლის ტემპერატურა (min 14-15 C˚ max 27-28 C˚), მარილიანობა და PH-ი. პარალელურად მიმდინარეობს წყლის ქიმიური და ბაქტერიოლოგიური ლაბორატორიული მონიტორინგი. ბინადრები იმყოფებიან კვალიფიციური სპეციალისტების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ (ყველა პრევენციული ზომების გათვალისწინებით).

დელფინარიუმის ამფითეატრი შედგება 4 სექტორისაგან და გათვლილია 887 მაყურებელზე. ინფრასტრუქტურაში შედის სპეციალური საჭიროების მქონე პირთა  მომსახურება პანდუსითა და ლიფტებით.

ბინადრები

აფალინა (Tursiops Truncatus)

სამეცნიერო კლასიფიკაცია

სამეფოცხოველები 

ტიპიქორდიანები 

კლასიძუძუმწოვრები 

რიგივეშაპისნაირნი 

ოჯახიდელფინისებრნი 

სახეობააფალინა 

აფალინა დელფინისებრთა ოჯახის ზღვის ძუძუმწოვარი ცხოველია. აქვთ 2–3 მ სიგრძის თითისტარისებრი სხეული, რომელიც ჰორიზონტალური ორლაპოტიანი კუდით ბოლოვდება. წონა 150–300 კგ–ს აღწევს. მამრი მდედრზე 10–20 სმ–ით დიდია. აფალინას აქვს  მაღალგანვითარებული ცენტრალური ნერვული სისტემა, მახვილი სმენა, ექოლოკაციის უნარი, რთული ბგერითი სიგნალიზაცია, კარგად განვითარებული შეხებისა და გემოვნების ორგანოები. სხეულის შეფერილობა ზემოდან მუქი რუხია, ქვემოდან კი ღია (რუხი ფერიდან თეთრამდე). აქვთ ძლიერი კბილები, პატარა თვალები, ყნოსვის ფუნქცია კი – დაკარგული. გავრცელებულია შავ ზღვაში, ხმელთაშუა, ბალტიის, კარიბის ზღვებში. გვხვდება წყნარსა და ატლანტიკის ოკეანეებშიც. აფალინები ცხოვრობენ ოჯახებად ან ჯგუფებად. საკვებისათვის შავ ზღვაში ყვინთავენ 90 მ სიღრმემდე, ხმელთაშუა ზღვაში – 150 მ სიღრმემდე. იკვებებიან თევზის სხვადასხვა სახეობით: სტავრიდა, ქაფშია, კეფალი, კამბალა და სხვა. მოზრდილ აფალინას დღეში შეუძლია მიიღოს 8–15 კგ თევზი. შეუძლიათ განავითარონ 40–50 კმ/სთ სიჩქარე და წყლიდან ამოხტეს 5 მ სიმაღლეზე. სძინავთ ღამით, წყლის ზედაპირზე, დღისით კი მხოლოდ ჭამის შემდეგ. პერიოდულად აღებს ქუთუთოებს 1-2 წმ-ში და ხურავენ 15-30 წმ-ით. დაკიდებული კუდის სუსტი დარტყმა დროდადრო ამოსწევს მძინარე ცხოველს წყლიდან, მორიგი სუნთქვისათვის. ძილის დროს ტვინის ერთი ნახევარსფერო ისვენებს, მეორე კი ფხიზლობს.

მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა საშუალოდ 35–40 წელია, თუმცა დელფინარიუმებში ისინი 50 წელზე მეტსაც კი ცოცხლობენ. მდედრი სქესმწიფობას აღწევს 5–12 წლის, მამრი 8–15 წლის ასაკში. მრავლდებიან გაზაფხულზე და ზაფხულში, ორსულობა 12 თვეს გრძელდება, შობს ერთ ნაშიერს, იშვიათად ტყუპებსაც კი. ახალშობილი 18–23 თვის განმავლობაში იკვებება დედის რძით.

თვინიერი არსებაა, რის გამოც მრავალი ქვეყნის ოკეანარიუმებში თუ დელფინარიუმებში მათზე ატარებენ ექსპერიმენტებს ექოლოკაციის, ქცევის, ფუნქციური მორფოლოგიის და სხვა საკითხების შესასწავლად. ქვესახეობებიდან შავი ზღვის საქართველოს სანაპირო ზონაში გვხვდება შავი ზღვის აფალინა (Tursiops Truncatus Ponticus).

შეტანილია ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის „წითელ ნუსხაში“(IUCN) და გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ კონვენციის (CITES) II დანართში.

დელფინთა ჯგუფებში ჩვეულებისამებრ მდედრი დელფინები ჭარბობენ. აქედან გამომდინარე დელფინარიუმებში ჰარმონიული ჯგუფები შედგებიან 1 მამრისა და რამოდენიმე მდედრისაგან. 

გახსნის დღიდან ბათუმის დელფინარიუმში 3 დელფინი დაიბადა.  

ზღვის ლომი
(Zalophus Californianus)

სამეცნიერო კლასიფიკაცია

სამეფოცხოველები 

ტიპიქორდიანები 

კლასიძუძუმწოვრები 

რიგიმტაცებლები 

ოჯახიყურებიანი სელაპები 

გვარიფარფლფეხიანები 

სახეობაზღვის ლომი 

სახეობის სტატუსიპოპულაცია ითვლის

200 000-დან 300 000-მდე ეგზემპლარს.

სამხრეთ ამერიკის ზღვის ლომებს ახასიათებთ მკვეთრად გამოხატული სქესობრივი დიმორფიზმი. როგორც წესი წონით მამრი ორჯერ აღემატება მდედრს. ბეწვის შეფერილობა მოყავისფრო_ოქროსფერია. ზრდასრულ მამრს გააჩნია ფაფარი, რომელიც შედარებით ღია ფერისაა ვიდრე ბეწვი. პატარები იბადებიან შავი ან მუქი ყავისფერი ბეწვით, რომელიც განგურის შემდეგ შოკოლადის ფერი ხდება. სამხრეთ ამერიკის ზღვის ლომების ზომები ძლიერ ვარირებს. მამრის ზომა 2.73 მ-ზე მეტია, ხოლო წონა 350 კგ აღწევს. მდედრის ზომა 1.8-2 მ-ა, წონა კი მამრების წონის ნახევარია, დაახლოებით 150კგ.

სამხრეთ ამერიკის ზღვის ლომები ფართოს არიან გავრცელებული, პერუს ჩრდილოეთიდან სამხრეთ ბრაზილიამდე, ფოლკლენდის კუნძულების ჩათვლით. ბინადრობენ ატლანტიკის და წყნარი ოკეანის სანაპიროებზე. ცხოვრობენ ნაპირთან ახლოს, იშვიათად გვხდებიან ღრმა წყლებში.

იკვებებიან თევზებით და ზღვის სხვა ორგანიზმებით, საკვების რაოდენობა შეესაბამება სხეულის წონის 5-8%-ს დღეში (6.8-18.2კგ).

დაწყვილების დრო აგვისტოდან დეკემბრამდე პერიოდს მოიცავს. ერთი მამრი 18-მდე მდედრთან წყვილდება, ფეხმძიმობა 11-11,5 თვეს გრძელდება. ახალდაბადებული ნაშიერი 11-15 კგ-ს იწონის.

შეტანილია ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის „წითელ ნუსხაში“(IUCN), მინიჭებული აქვს LR (დაბალი რისკი) კატეგორია. 

გახსნის დღიდან ბათუმის დელფინარიუმში დაიბადა 3 ზღვის ლომი, მათი საბინადრო ტერიტორია მოიცავს საცურაო და საკარანტინო აუზებს, ხელოვნურ გამოქვაბულს.