აკვარიუმი

ბათუმის სადემონსტრაციო აკვარიუმი 1966 წლის 20 აგვისტოს გაიხსნა. თავდაპირველად აქ წარმოდგენილი იყო წყნარი ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილის ფეხფარფლიანი ძუძუმწოვარი ცხოველები, ძვირფასბეწვიანი წავები და კასპიის ზღვის სელაპები. მნახველებზე განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ახდენდა ინდოეთის ოკეანის მობინადრე გიგანტური კუ, ე.წ. „ცრუ კარეტა“, რომელიც დაახლოებით 100 კგ–ს იწონიდა. დეკორატიული თევზების მრავალფეროვნება მნახველთა განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობდა. აკვარიუმში მტკნარი წყლების, სხვადასხვა ზღვისა და ოკეანის ცხოველთა 60–მდე სახეობა ბინადრობდა.

ბათუმის სადემონსტრაციო აკვარიუმი რთული კომპლექსია. იგი შედგება სადემონსტრაციო და ექსპერიმენტული ნაწილისაგან. აკვარიუმებში წყლის საერთო მოცულობა შეადგენს დაახლოებით 200 000 ლიტრს. აკვარიუმის წყალმომარაგების რთული სისტემა აერაციისა (ჟანგბადით გამდიდრებისა) და ტემპერატურის რეგულირების საშუალებას იძლევა. სპეციალური ფილტრები უზრუნველყოფს წყლის ხანგრძლივ წრებრუნვას, რის შედეგად აკვარიუმებში იქმნება ჩაკეტილი სისტემა, მყარდება ბიოლოგიური ბალანსი. ბათუმის აკვარიუმში არსებული თევზების უმრავლესობა ადგილობრივად არის გამოყვანილი და გამრავლებული. აღსანიშნავია, რომ თუ თევზებს არა აქვთ შექმნილი ბუნებრივი პირობების შესაფერისი გარემო, მათი გამრავლება შეუძლებელია.

ამჟამად აკვარიუმში შავი ზღვის, საქართველოს მტკნარი წყლების ბინადართა ზოგიერთი და დეკორატიული თევზების 100–მდე სახეობაა წარმოდგენილი: ზღვის კატა , ზღვის მელა, ზღვის ენა, კეფალისებრნი, ცხენთევზა, ხონთქარა, ნაგვერდალა და სხვა უნიკალური ჯიშის თევზები. ეგზოტიკური სახეობებიდან აღსანიშნავია ამაზონის ბინადარი პირანია, ციხლიდები, სამხრეთ–აღმოსავლეთ აზიის თევზები – გურამი, ბარბუსი, ბოცია, ლაბეო და ულამაზესი დისკუსები. სელექციური მუშაობის შედეგად აკვარიუმში გამოყვანილია იაპონური კობრი (კოი).

თავდაპირველად აკვარიუმი „ზღვის თევზის მეურნეობისა და ოკეანოგრაფიის საკაშირო სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის საქართველოს განყოფილების ბაზაზე შეიქმნა. 2008 წლიდან ქ. ბათუმის ა(ა)იპ „6 მაისის პარკის“ დაქვემდებარებაში გადავიდა, 2011 წლის 1 იანვრიდან კი – ბათუმის სადემონსტრაციო აკვარიუმი შ.პ.ს. ”შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი ცენტრის” ერთ-ერთი შემადგენელი ობიექტია.